კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და მკითხველს შეუყვარდა

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და მკითხველს შეუყვარდა
ლიტერატურა
13:54, 25 January 2021
783
0


გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, ვეჭვობ, ის ნაწარმოებია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ვფიქრობ, ის გულგრილს ვერც ერთ მკითხველს ვერ დატოვებს. ნაწარმოები საინტერესოა, რადგან ის ჩადებულ სიბრძნესთან ერთად გაჯერებულია ირონიითა და სარკაზმით. ეს ყველაფერი კი მოთხრობას დამატებით ელფერს სძენს და უსაზღვრო ემოციას აღძრავს მკითხველში. აღსანიშნავია, რომ იუმორი ნორმის ფარგლებში გვხვდება, ხოლო თხრობა დაახლოებით ისევე მიმდინარეობს, როგორც ვასიკო კეჟერაძე ფიქრობს კარცერ-ლუქსებში მყოფი ხალხისთვის პროგრამის შედგენას. ნაწარმოები იწყება შედარებით მსუბუქად და ხშირად ვაწყდებით იუმორს, თუმცა სიუჟეტი თანდათან მეტად სერიოზულ სახეს იღებს და მთავარი სათქმელიც სწორედ მანდაა გაცხადებული.
      ვასიკო კეჟერაძე საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია. ის ყველაფერს ლიტერატურის ჭრილში განიხილავს და მისთვის მთავარ ბედნიერებასაც ლიტერატურა წარმოადგენს, მაგრამ მხატვრული. ის აპროტესტებს სხვა სახის ლიტერატურას. წინააღმდეგია ფილმებისაც. ისინი მხოლოდ ტიტრებიანი აკმაყოფილებს. მისი აზრით, ფილმები წიგნების „დაფინანსებულ კონკურენტებს“ წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეალობას ნამდვილად შეესაბამება. ალბათ იშვიათად თუ გვინახავს ფილმი, რომელიც თავად წიგნს სჯობს ან უბრალოდ ისევე მოგვწონს, როგორც წიგნი. ეკრანიზაცია ხშირად იმისგან ბევრად განსხვავებულია, რაც რეალურად წარმოგვედგინა. ამიტომაც, ფილმის ჩარჩოებში მოქცევა საკმაოდ რთულია.
      ვასიკო ძალზედ პასუხისმგებლიანი პირია. ის უდიდესი ყურადღებით ეკიდება თავის საქმეს და ყოველთვის პირნათლად ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ფოტოგრაფია და ფოტოგრაფობა სრულიადაც არ ხიბლავს, ჩანს, რომ საკმაოდ კვალიფიციურია და მისი ცოდნა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვით არ შემოიფარგლება.
      კეჟერაძე, როგორც ვხედავთ, ყველაზე დიდ ყურადღებას განათლებას და ახალი რამის შემეცნებას უთმობს. ამაში ნამდილად დაგვემოწმება მის მიერ საცოლეზე საუბრის ეპიზოდი. ვასიკო ხომ ყველაფერზე თანახმა იყო, ინტელიგენტზე გაცვლაზეც, სათვალიან მუსიკოსზეც, ფიზიკოს-ლირიკოსზეც, თუმცა, რამაც ყველაზე მეტად აღაშფოთა იყო, იმ მამაკაცის თვითკმაყოფილი მზერა და გამომეტყველება, რომელიც ვასიკოს საცოლეს გვერდზე მიჰყვებოდა. ასეთი ადამიანი, მართლაც, ხომ ძალიან უბედურია, რადგან თვლის, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწია. ჩვენი ცხოვრების მამოტივირებელს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ყოველდღიურად ვეცადოთ, რომ შევძლოთ ახალი ცოდნისა თუ უნარების დაუფლება. წარმოიდგინეთ, თვით კობი ბრაიანტიც კი, რომელიც NBA-ს ხუთგზის გამარჯვებული და ყველასთვის მისაბაძი, საპატივსაცემო პერსონა გახლდათ, კარიერის დასრულებამდე ერთი დღეც არ შეუწყვეტია თვითგანვითარება. ყოველდღიურად სწორედ იმდენს შრომობდა და მუშაობდა (თუ არა მეტს),რამდენსაც პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ყოველი თამაშის შემდეგ ყველაფრის დეტალურ აღრიცხვას აწარმოებდა და დღეში მინიმუმ ექვს საათს ვარჯიშობდა. იგივე გვეთქმის ლებრონ ჯეიმსზეც, რომელიც ასაკის მატებისდა მიუხედავად თამაშს უფრო და უფრო ხვეწს და მეტად მაღალი დონისკენ მიისწრაფვის. თუმცა, სამწუხაროა, რომ ასეთი ნებისყოფის მქონენი მხოლოდ ერთეულები არიან.
      თემას ძალიან, რომ არ გადავუხვიოთ, დავუბრუნდეთ ვასიკოს შეხედულებებს ცხოვრების მოწყობასთან მიმართებით და ნაწარმოების სათქმელს. კეჟერაძის მოსაზრების რეალობაში განხორციელება რომ შეიძლებოდეს, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო. ეს წაადგებოდა თითოეულ ადამიანს. მართალია ზოგმა მტკიცება შეიძლება დაიწყოს, რომ ეს უფლებების შეზღუდვაა, რაც განვითარებულ სახელმწიფოში დაუშვებელია, თუმცა მე პირადად ამ მოსაზრებას ვერაფრით ვერ დავეთანხმები. ეს ხომ ისევ ჩვენი კეთილდღეობისათვისვე იქნებოდა უკეთესი. რა ჯობია, როდესაც ყოველდღე ახალ-ახალ, ერთმანეთისგან განსხვავებულ საინტერესო ინფორმაციას ეცნობი. ეს, უდავოდ, საინტერესო და ამავდროულად სასიამოვნო პროცესია. „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ“ ხომ „ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.“
      მწერლის ოსტატობაზე მოწმობს ისიც, რომ ამ უსაზღვროდ საინტერესო სიუჟეტის ფონზე ახერხებს და აღგვიწერს XX საუკუნის ვითარებას-ურთიერთობას ხელმძღვანელობასა და მათზე სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფთა შორის. ნაწარმოებში ხომ იკვეთება უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელმძღვანელი თამაზის დამცირებას. ყოველთვის, ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც ხელმძღვანელს არაფერი ეთქმის, ის ცდილობს, რომ თავი ზემდგომად წარმოაჩინოს და სხვა დაამციროს. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ თავად თამაზიც შეჩვეული ამ ფაქტს. მეტიც, მას ისიც კი უკვირს, რომ კლიმი შეპასუხებას ცდილობს ხელმძღვანელთან. ეს, რა თქმა უნდა, ეპოქის ზეგავლენას მოწმობს-იმ ეპოქის, რომელშიც სიტყვის თავისუფლება უაღრესად შეზღუდული იყო და საკუთარი აზრის დაფიქსირება კარგს არაფერს მოასწავებდა. კონსტანტინე გამსახურდიამაც ხომ საკუთარი ნაწარმოები სწორედ რუსეთის გაკრიტიკებას მიუძღვნა. ამგვარად, ეპოქისადმი პროტესტი, თუმცა ამის შეფარვით გადმოცემა, როგორც ჩანს, XX საუკუნის მწერალთათვის სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ამ ყველაფერთან ერთად ხაზგასასმელია, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მიუხედავად, მთავრობა და ხელმძღვანელობა ყოველთვის დაინტერესებული გახლდათ პიროვნებებით, რომლებიც გახლდნენ განათლებულები და მოაზროვნეები და არ გავდნენ სხვა რიგით მოქალაქეებს.
      სამწუხაროა, რომ ახლა უკვე უბედური ვარ. მე ხომ ის ბედნიერება უკვე წამერთვა, რომელსაც ადამიანი ზემოთ ხსენებული ნაწარმოების პირველად წაკითხვისას განიცდის. :)
Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
ქართული პარადოქსი ქართული პარადოქსი
დღეს მეგობარს ველაპარაკე ამ თემაზე. მან დაარქვა ამ მოვლენას ”ქართული პარადოქსი”. ძნელია აღწერა, არც კი ვიცი, თუ...
08.08.22
409
0
ალოე სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ ალოე სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ
თუ გყავთ ოჯახის ისეთი წევრი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ალოე სწორედ ის მცენარეა, რომელიც თქვენს სახლს აუცილებლად უნდა...
04.08.22
428
0